კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ
ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის (YTA UNION) - საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით, 27-31 ოქტომბერს, თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე ჩატარდება.
თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე ხვალ, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
ბიენალეს მიზანია ახალგაზრდა სცენოგრაფებისა და და ხელოვანების პროფესიული განვითარება და შემოქმედებითი იდეების გაზიარება, ასევე ინტერკულტურული დიალოგისთვის პირობების შექმნა. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი.
ბიენალეს მიზანს ასევე წარმოადგენს თანამედროვე ქართული სცენოგრაფიის განვითარება და საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია.
პროექტი მოიცავს მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენას და მის განხილვას, "მრგვალ მაგიდებს" თანამედროვე ხელოვნების საკითხებზე და სცენოგრაფიის სპეციფიკურ პრობლემებზე; ასევე, შემოქმედებით შეხვედრებს, ლექცია-პრეზენტაციებსა და დისკუსიებს.
ბიენალეს მნიშვნელოვანი ნაწილია Masters' Lab მუდმივმოქმედი საგანმანათლებლო პროგრამა (ლაბორატორია ოსტატებთან), რომლის ფარგლებშიც გამოჩენილ ხელოვანთა და მეცნიერთა ლექცია-პრეზენტაციები და მასტერკლასები ჩატარდება.
ბიენალეს საექსპოზიციო ნაწილი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში, საგამოფენო დარბაზში გაიმართება.