
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პოლიტიკური დებატებისას, ყაველაშვილმა ერთი მხრივ, სპორტის განვითარებაზე ისაუბრა, მეორე მხრივ კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა.
„ერთი წლის წინ, ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, პარლამენტში მოხვდებიო, გამიკვირდებოდა. ჩემი მიზანი დეპუტატობა არასდროს ყოფილა. პროფესიონალი ჩემს დარგში ვიყავი, მაგრამ ახალ თანაგუნდელებთან ღირსება და თავისუფლება მაერთიანებს, რომლის გარშემო „ქართული ოცნება“ გაერთიანდა. ღრმად მწამს, რომ პროგრამა, რომელიც წარმოადგინეს, შესრულდება.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქუჩა-ქუჩა დავდიოდით და მოსახლეობა მოგვიწოდებდა, თქვენი მთავარი გზავნილი გულწრფელობა უნდა იყოს და არ გინდათ, არ მოგვატყუოთო. ამ სიმართლით პარლამენტში მოვედი. ძვირფასო მინისტრობის კანდიდატებო, ჩვენს ფუნქციას შევასრულებთ და მაკონტროლებლები ვიქნებით. მიუხედავად იმისა, რომ სპორტში ბევრი რამე გაკეთდა, მისი მნიშვნელობა არასათანადოდ არის მიჩნეული და მინდა, რომ ქვეყნისთვის სპორტი პრიორიტეტული იყოს, რადგან სპორტს ბევრის მოტანა შეუძლია“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობასაც მიმართა და აღნიშნა, რომ შეიძლება, მხარეებს შორის გაერთიანების მიზეზი სპორტიც იყოს.
„საქართველოში მცირე რაოდენობაა ადამიანების, რომელსაც სპორტის მიმართ შეხება ან სიყვარული არ ჰქონდეს. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ვისაც შინაგანი კულტურა გაგვაჩნია, ეთიკა და ღირსება უნდა დავიცვათ. ჩემი საქმიანობაც ღირსების და თავისუფლების გარშემოა. როცა ქუჩა-ქუჩა დავდიოდი, მხოლოდ გულწრფელობა მალაპარაკებდა. ადამიანები იხსენებდნენ, „ოღონდ ის არ დაბრუნდეს“ და ეს იყო ღირსებაშელახული ადამიანების სურვილი.
თქვენდა სამწუხაროდ, საქართველო გააერთიანეთ და იქნებ, დღეს მაინც დაფიქრდეთ. თქვენ ჩვენი თანამოქალაქეები ხართ და ნუთუ, ერთხელ არ დაგებადათ აზრი, რომ რასაც შენობაში საუბრობთ, ჩვენთან ხართ ურთიერთობაში, აქ სხვა ადამიანებად რატომ იქცევით? მინდა სიყვარული გამოვხატო და სპორტთან ერთად, სიყვარულმა გაგვაერთიანოს“, - მიმართა უმცირესობას ყაველაშვილმა.