სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს მშვიდობიანი შეკრების უფლების
მაშტაბურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო რამდენიმე გამონაკლისი, სადაც სახელმწიფომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვა ვერ შეძლო.
ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება, სახალხო დამცველი ყურადღებას გასული წლის 22 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტზე ამახვილებს.
ნანუაშვილის ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტის გამო, პასუხისგებაში დღემდე არავინაა მიცემული.
ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველი დაგვიანებულად აფასებს სამართალდამცავთა რეაგირებას მიმდინარე წლის 11-12 მარტს, ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, სადაც საპროტესტო აქცია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სწრაფად გასცდა და დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც შედეგად ძალადობა, ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება და ქონების განადგურება მოჰყვა.
„სახალხო დამცველი საანგარიშო პერიოდში აკვირდებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესს, ისევე, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს.
სახალხო დამცველი აღნიშნულ საქმეებს მედიის თავისუფლების კონტექსტში განიხილავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხე“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
ნანუასვილის მტკიცებით, აუცილებელია, დროულად იქნას ინიცირებული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის პროექტი, რომლითაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე მონიტორინგის მექანიზმი შეიქმნება, ასევე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის შემთხვევებში სანქციები დაწესდება.