უკრაინის პარლამენტის 10 დეპუტატი, მათ შორის პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, მზად არის თავდებაში ჩაუდგნენ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს.
აღნიშნულის შესახებ მათ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადეს.
„ვაცხადებთ, რომ თავდებში ჩავუდგებით მიხეილ სააკაშვილს და ასევე სასამართლოს ვთხოვთ ძალაში დატოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდა“, – აღნიშნა იულია ტიმოშენკომ.
2017 წლის 5 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობისა და რუსეთიდან 500 ათასი აშშ დოლარის მიღების ბრალდებით.
11 დეკემბერს კიევის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობის შეფარდებაზე.