დაბა ტაბახმელას ტყეში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურია.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
შსს-ს ინფორმაციით, სამხედრო პოლიცია 28 იანვრიდან ეძებდა. მათივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურის სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობდა.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, სამხედროს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
28 იანვარს პოლიციას მიმართა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურის თ. ს.-ს ოჯახის წევრმა და განაცხადა, რომ თ.ს. სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ, თ. ს.-ს ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სახის ძებნის ღონისძიებები ჩაატარა, გადამოწმდა საავადმყოფოები, დაკარგული პირის შესახებ ინფორმაცია დაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ოპერატიულ დანაყოფს, შეიქმნა სამძებრო საქმე.
3 თებერვალს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, მაშველებთან ერთად, დაათვალიერეს დაბა კოჯორში, გ.ანწუხელიძის სახ.სერჟანტთა სასწავლებელის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი.
4 თებერვალს დაბა ტაბახმელის ტყეში, მოქალაქემ, რომელიც ცხვრის ფარას მწყემსავდა, თ.ს. გარდაცვლილი იპოვა (ხეზე იყო ჩამომხრჩვალი). ცხედარს ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა.
აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილება გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.