საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინიდან გაძევებული ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება.
შესაბამისს ფოტომასალას სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
"ამ წუთებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ვახშამზე ვიმყოფები. ვახშმის წამყვანმა ჩემი წარდგენისას იხუმრა, რომ აქ ნამდვილად შემეძლება ბოლომდე ვჭამო (მინიშნება ყველამ ღირსეულად შეაფასა)", - წერს სააკაშვილი.
აღნიშნული ხუმრობა უკრაინაში, რესტორან "სულგუნში" მომხდარს უკავშირდება, როდესაც ადგილობრივი ძალოვნები რესტორანში მაშინ შეიჭრნენ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იქ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გერმანიის ქალაქ მიუნხენში ნიდერლანდებიდან ჩავიდა, სადაც უკრაინიდან პოლონეთში გაძევების შემდეგ აღმოჩნდა. იქ მან პირადობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი მიიღო, რომლის მეშვეობითაც მას ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებისა და მუშაობის უფლება ეძლევა.