ბათუმის საზღვაო ნავსადგური დასაქმებულთა პროტესტზე განცხადებას ავრცელებს:
"2018 წლის 2 აპრილის დილით ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციული შენობის გამშვებ პუნქტთან შეიკრიბა ნავსადგურში დასაქმებულთა 50-კაციანი ჯგუფი, რომლებმაც გამოხატეს პროტესტი იმ ზომებთან დაკავშირებით, რაც საწარმომ ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობის სტაბილიზაციისთვის მიიღო.
ნავსადგურის ადმინისტრაციამ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებს, მედიაციის პროცედურის ფარგლებში, იმავე დღეს შესთავაზა მოლაპარაკებების დაწყება და ნავსადგურის პროფკავშირთან ერთად წამოჭრილი საკითხების განხილვა.
პროტესტში მონაწილე პირთაგან 8 დასაქმებულმა 2 აპრილსვე გამოაცხადა შიმშილობა. ნავსადგურის ადმინისტრაციამ მოშიმშილეები უზრუნველყო წყლითა და მედიკამენტებით, აგრეთვე უზრუნველყო მათთან სამედიცინო ბრიგადის მუდმივი მორიგეობა. ყოველ 30 წუთში სამედიცინო მუშაკი ახორციელებს მოშიმშილეთა შემოვლას.
აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 მარტს, ნავსადგურის ადმინისტრაციაში შემოვიდა პროფკავშირის მიმართვა, სადაც დასმულია მოთხოვნები შემდეგი საკითხების დაუყოვნებლივ გადაწყვეტასთან დაკავშირებით:
1) მხარეთა შეთანხმებით გათავისუფლებული დასაქმებულების სამუშაო ადგილებზე აღდგენა;
2) დღესასწაულთან დაკავშირებით ფინანსური დახმარების გაცემა;
3) სადაზღვეო პაკეტის გადახედვა;
4) ნავსადგურში ჩასატარებელი ოპტიმიზაციის პროცესების შეჩერება, მათ შორის საქმიანობის ცალკეული არაპროფილური სახეოებების აუტსორსინგში შემდგომი გადაცემა;
5) ნავსადგურის დასაქმებულთათვის შრომის ანაზღაურების გაზრდა.
ნავსადგურის ადმინისტრაციამ პროფკავშირს ამომწურავი პასუხი გასცა.
ნავსადგურის ადმინისტრაციის ამოცანაა, საწარმოში იყოს მშვიდი სამუშაო და კრიზისული ვითარების გადალახვაზე ორიენტირებული საქმიანი გარემო. შესაბამისად, კოლექტივის წევრებთან და პროფკავშირთან მიდის ყველა შესაძლო დათმობასა თუ ანგარიშგაწევაზე, მიუხედავად არასახარბიელო ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობისა. კერძოდ, შეჩერებულია თანამშრომლეთა გათავისუფლების პროცესი; აგრეთვე, შეჩერებულია საწარმოს საქმიანობის ცალკეული არაპროფილური სახეობების „აუტსორსინგში“ გადაცემის პროცესი; დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
ეს ზომები არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც საწარმოს დამატებით შეუძლია დასაქმებულებთან მიმართებით. მსგავსი ტიპის საპროტესტო აქციების პრაქტიკული საჭიროება არც არსებობდა, რამდენადაც საწარმო ისედაც და თავადაც ორიენტირებულია დასაქმებულთა მაქსიმალურ ხელშეწყობაზე. ჩნდება ეჭვი, რომ აქციები შესაძლოა მართული იყოს და დასაქმებულთა ინტერესების დაცვის მოტივი რამდენიმე დაინტერესებული პირის მიერ ბოროტად გამოყენებული.
საწარმოში არსებული რეალური ვითარება კი შემდეგია: 2017 წლის ბოლოდან ნავსადგურის ადმინისტრაცია იღებს შესაბამის ზომებს, რაც მიმართულია საწარმოს რთული ფინანსურ-ეკონომიკური ვითარების სტაბილიზაციისაკენ.
2017 წლის შედეგების მიხედვით, ნავთობჩამოსასხმელი ტვირთების გადატვირთვის მოცულობა ნავსადგურში 2016 წელთან შედარებით შემცირდა 36 %-ით (3,6 მლნ-დან 2,3 მლნ-მდე. ტ/წელიწადში). ნავთობჩამოსასხმელი ტვირთების გადატვირთვის მოცულობის პროგნოზი 2018 წლისთვის შეადგენს 1,1 მლნ ტონას. შემცირების ძირითადი მიზეზი გახდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ბაზრის სტრუქტურის შეცვლა. გასულ წელს ნავსადგურის წმინდა მოგებამ შეადგინა 0,9 მლნ დოლარი, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 86 %-ით ნაკლებია.
ნავსადგურის მიმდინარე ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლიდან მიღებულ იქნა ნედლეულისა და მასალების ხარჯების 44 %-ით, უცხოელი სპეციალისტების კი 63 %-ით შემცირების ზომები. საპენსიო ასაკს მიღწეულ რამდენიმე თანამშრომლებთან, მოლაპარაკების შედეგად, მხარეების შეთანხმებით, შეწყდა შრომითი ურთიერთობა, 3 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდისა და 2018 წლის ბოლომდე სამედიცინო დაზღვევის შენარჩუნების პირობით.
ნავსადგურის ადმინისტრაცია კოლექტივთან და პროფკავშირთან სისტემატურად ატარებს შეხვედრებს ნავსადგურში მიმდინარე ღონისძიებებზე და ხარჯების ოპტიმიზაციის სამომავლო გეგმებზე.
ნავსადგურის მმართველი კომპანია „ბათუმის ნავთობტერმინალი“ და ნავსადგურის ადმინისტრაცია იღებს ყველა ზომას, რათა მოლაპარაკების გზით მოაგვარონ შექმნილი ვითარება. დასმული საკითხებიდან ჯერ კიდევ გადაუჭრელი თემების განსახილველად აქციაში მონაწილეებს სთავაზობს ერთობლივი ჯგუფის შექმნას მედიაციის და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინსტრუმენტების ფარგლებში".