გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა
გიორგი გახარიამ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მონაწილეებს განუცხადა.
„ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ამ თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ, ისევე შევიკრიბოთ, ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, მინისტრმა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მონაწილეებს ბოდიში მოუხადა და მოუწოდა, მათაც მოუხადონ ბოდიში იმ სამართალდამცველებს, რომლებსაც შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მოდით, მაშინ დავიწყოთ ბოდიშით. ბოდიში. თუმცა, მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა.
თუმცა, მინდა ასევე გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, მხოლოდ მათ, რომლებმაც ასევე მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანს, რომელიც იცავდა სხვა ადამიანის უფლებებს, ასევე მათაც ვუთხრათ ბოდიში.
კარგით, ეს თქვენი არჩევანია. გავაგრძელოთ საქმეზე საუბარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის მიმართვის შემდეგ აქცია დაიშალა.