ჟურნალისტებმა ტვინი რომ გაანძრიონ რა მოხდება, რა არის ამაში შეურაცხმყოფელი? - ამ განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაზა პაპუაშვილი აკეთებს.
პაპუაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ჟურნალისტების მისამართით გაკეთებულ არაეთიკურ გამონათქვამს - "ცოტა ტვინი გაანძრიეთ", ეხმაურება და ამბობს, რომ ამ მიმართვაში შეურაცხმყოფელი არაფერია.
"რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჟურნალისტებთან მიმართებაში, გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, ჟურნალისტებმა ტვინი, რომ გაანძრიონ რა მოხდება?! რა არის ამაში შეურაცხმყოფელი და არაკორექტული? რომელია უფრო არაკორექტული, როდესაც ჟურნალისტების მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებას ატყუებს და ნერვებს გვიშლიან, თუ სალომე ზურაბიშვილის ეს ნათქვამი?!
ჩემი დამოკიდებულება ჟურნალისტებთან მიმართებაში ცნობილია, არასდროს დამიმალავს ჟურნალისტების მიმართ ჩემი შენიშვნები. ადამიანები, რომლებიც ტყუიან და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ... რა თქმა უნდა, ყველას არა, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს ხომ ეკუთვის ეს შენიშვნა? ის უბედურება, რომელიც საქართველოში დატრიალდა ამაში ლომის წვლილი ჟურნალისტების დევს. თუ ტვინს გაანძრევენ მათთვის სასიკეთო იქნება. სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.