საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში შექმნილი დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელზეც საბჭოს წევრებმა საბჭოს სტრუქტურა და სამომავლო საქმიანობის კონცეფცია განიხილეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის ორგანიზება საქართველოს სავაჭრო-სამეწველო პალატამ განახორციელა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი სწორედ საქართველოში დუალური პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობაა.
საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე მსხვილი ბიზნეს-ასოციაციები, დონორი ორგანიზაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
შეხვედრაზე ისაუბრეს დუალური განათლების მნიშვნელობაზე, მის განვითარებასა და ხელშეწყობაზე, ასვე პროფესიული განათლების პრიორიტეტებსა და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლის ხელშეწყობაში პროფესიული განათლების როლზე.