ქორეპისკოპოს იაკობთან დაკავშირებით ცესკო-ს გადაწყვეტილებას საია არ ეთანხმება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რატი თინიკაშვილი "2020NEWS"-თან საუბარში აცხადებს, რომ საია-ს პოზიციით, ცალკე ქორეპისკოპოსი და ცალკე მდივანიც არის უფლებამოსილი, წარმოადგინოს ეკლესია. საპირისპიროს ამტკიცებს ცესკო, რომელიც აცხადებს, რომ ცალკეული სასულიერო პირების განცხადება არ შეიძლება, ჩაითვალოს ეკლესიის პოზიციად. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, მასში წერია, რომ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ აგიტაციაში. "რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება აქვს საპატრიარქოს და ასეთი ჩანაწერი არსებობს კანონში, რომ საპატრიარქოს წარმოადგენს ქორეპისკოპოსი და მდივანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცალკე ქორეპისკოპოსი და ცალკე მდივანიც არის უფლებამოსილი, რომ წარმოადგინოს ეკლესია. საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტება იყო ასეთი, რომ ქორეპისკოპოსი და მდივანი ერთობლივად წარმოადგენენ ეკლესიას და არა ცალ-ცალკე. ამ პოზიციაში ვერ ვთანხმდებით საარჩევნო ადმინისტრაციასთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი შეიძლება, იყოს ქორეპისკოპოსი და ის შეიძლება, აფიქსირებდეს ეკლესიის პოზიციას", – განუცხადა "2020NEWS"-ს რატი თინიკაშვილმა.
ცნობისათვის, ცესკო-მ სასულიერო პირების მიერ შესაძლო აგიტაციასთან დაკავშირებით კომისიაში შესულ საჩივრების შესწავლა დაასრულა და მეუფეების განცხადებები აგიტაციად არ მიიჩნია. ამის შესახებ "2020NEWS"-ს ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა. საია-ს შემთხვევაში საქმე ეხება მეუფე იაკობის განცხადებას, რომლის თანახმად, მმართველი გუნდის მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი "კანაფის დედოფლის" კონტექსტში მოიხსენია. სწორედ აღნიშნული განცხადება მიიჩნია საია-მ აგიტაციად და საჯარო განცხადებით მიმართა ცესკო-ს.