"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, 1 იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაცებთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკში მორიგი შეხვედრა აპრილის მეორე ნახევარში გაიმართება.
როგორც ცნობილია, გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს რეგულაციების პირველადი მონაცემები გაუზიარა.
"გუშინ იყო შეხვედრა ბანკირების ეროვნულ ბანკთან. შეხვედრაზე პრაქტიკულად ყველა კომერციული ბანკის წარმომადგენელი იყო წარმოდგენილი. შეხვედრა იყო ანალიზი, რომელზეც ეროვნულმა ბანკმა წარადგინა იანვარ-თებერვლის შედეგების ანალიზი. ჩვენ შევთანხმდით, რომ მას შემდეგ რაც შევიტყობთ მარტის სტატისტიკას, ანუ აპრილის მეორე ნახევარში გავმართავთ რიგით მეორე შეხვედრას და გავაანალიზებთ, პირველი კვარტლის შედეგებს. მე ვფიქრობ, რომ ამ შედეგის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
ცნობისთვის: გუშინდელ შეხვედრაზე კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი აგრძელებს დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელებს ცვლილებებს ისე, რომ რეგულაციების ძირითადი პრინციპები შენარჩუნებული იქნება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საცალო დაკრედიტების რეგულირება მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.
შეგახსენებთ: თებერვალში 5000 ლარამდე მიკროსესხების გაცემა 132,965,473 ლარით ანუ 26%-ით დაეცა.