ამ უპერსპექტივო წრის გასარღვევად მოდით ყველამ ერთად დავიწყოთ და შევქმნათ ახალი პოლიტიკური ასპარეზი, 2020 წლის საარჩევნო ბიულეტენებში გავაჩინოთ ღირსეული არჩევანი, - ამის შესახებ საკრებულოში "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ფილარმონიაში შეკრებილები და მოძრაობის მხარდამჭერები თანხმდებიან იმ ძირითად პრინციპებზე, რომელზეც დგას და უნდა იდგას სახელმწიფო.
"საბედნიეროდ, აქ მყოფი ადამიანები და ჩვენი თანამოაზრეები, ღირსეული საზოგადოება ვთანხმდებით იმ ძირითად პრინციპებზე, რომელზეც დგას და უნდა იდგეს სახელმწიფო - თეთრს თეთრად აღვიქვავთ, ვაფასებთ წარსულს და ვფიქრობთ, მომავალზე. ჩვენ არ გვინდა წარსულიდან გავიმეოროთ ისეთი საბედისწერო შეცდომები, რომლებიც ქვეყანას ანგრევს. სწორედ ამიტომ, მოდით, აქ ამ დარბაზში დავიწყოთ ყველამ ერთად და საწყისი ისევ ღირსეულმა საზოგადოებამ უნდა მისცეს, რომელმაც ყველა კრიტიკულ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა, ძალიან მაღალი დონის ღირსებას გამოიჩენდა, ის ხალხი, რომელიც მეორე ტურის წინ დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყანას აარიდა რევანშის რეალური საფრთხე. ამ ადამიანებს აბსოლუტურად სხვა დაპირება მივეცით მეორე ტურის წინ და სხვა რეალობა დავახვედრეთ სულ რამდენიმე თვეში. ამიტომ ამ უპერსპექტივო წრის გასარღვევად მოდით ყველამ ერთად დავიწყოთ და შევქმნათ ახალი პოლიტიკური ასპარეზი, 2020 წლის საარჩევნო ბიულეტენებში გავაჩინოთ ღირსეული არჩევანი და შემდგომში გავაგრძელოთ კვლავ ჩვენი ქვეყნის დაცვა", - განაცხადა შაქარიშვილმა.