ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ძალიან საქმიანები და დაკავებულები არიან, რის გამოც თავს "მნიშვნელოვნად" მიიჩნევენ. თუმცა ადამიანის "საქმიანობა" რეალურად ნაკლებად არის რაიმე სტატუსის მაჩვენებელი. The New York Times-მა სტატია მოამზადა, რომელშიც წერს თუ როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა თავი "საქმიანის" სტატუსს. ამაზე მარტივი პასუხი კი "არაფრის კეთებაა", -წერს გამოცემა.
სტატიის ავტორის თქმით, რთულია იმის გაგება თუ ზუსტად რა არის "არაფრის კეთება" ("უსაქმობა"), იმიტომ რომ ადამიანები ყოველთვის რაღაცას აკეთებენ. ფსიქოლოგმა დორინ დოჯენ მეგიმ თავის წიგნში "როგორ დავაბალანსოთ ცხოვრება და ტექნოლოგიები ციფრულ სამყაროში", არაფრის კეთებას ადარებს ავტომობილის ძრავს, რომელიც მუშაობს, თუმცა თავად მანქანა არსად მიდის.
ცენტრალური ლანკშირის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ფსიქოლოგი სენდი მანი კი ამბობს, რომ "არაფრის კეთება" ნიშნავს, როცა ადამიანი არ აკეთებს იმ საქმეს, რასაც ჩვეულებრივ უნდა აკეთებდეს.
სტატიის ავტორის თქმით, პრაქტიკული თვალსაზრისით "არაფრის კეთების" იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა გააზრებულად და სპეციალურად დახარჯოს დრო და ენერგია - იყუროს ფანჯარაში ან უბრალოდ იჯდეს.
ამასთან, სტატიის ცნობით, ტექნოლოგიები მდგომარეობას არ ამსუბუქებს: სმარტფონი, რომელიც ადამიანს ყოველთვის თან აქვს, მოდუნებისა და "ტვინის გათიშვის" საშუალებას არ აძლევს.
"უსაქმოდ ყოფნის" ან "არაფრის კეთების" დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ამ დროს ადამიანი ბუნებრივად იწყებს ოცნებას. ოცნება კი არა ერთი კვლევის მიხედვით, როგორც NYT-ი წერს, ადამიანებს უფრო კრეატიულებს და პრობლემის გადაწყვეტაში ეფექტურებს ხდის.
სტატიის ავტორის თქმით, "არაფრის კეთებას" კიდევ ერთი დადებითი შედეგი აქვს - ის შეიძლება იყოს შრომის ნაყოფიერების ზრდის ინსტრუმენტი.
"იპოვეთ დრო რომ იყოთ უსაქმოდ და ეს მიზანმიმართულად გააკეთეთ. ყურადღება მიაქციეთ როდის ხართ პროდუქტიული და კრეატიული, შემდეგ კი დააკვირდით როდის იწყებს თქვენი გონება გათიშვას ან დავალებების უბრალოდ შესრულებას. სწორედ ასეთ დროს უნდა წახვიდეთ სასეირნოდ ან დასასვენებლად", - წერია სტატიაში.