ვფიქრობ, რომ მოსახლეობის რეაქცია ბუნებრივია. მაგრამ არ მგონია, რომ ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მოქმედება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევრონიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ის, რაც ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, არის სიმშვიდე და შიდა სტაბილურობა, იმიტომ რომ ამაშია ჩვენი რეალური ძალა.
არსებობს პოლიტიკური პრობლემა რუსეთთან და ყველა იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ეს მოგვარდება. მაგრამ ამასობაში საქართველო ვითარდება, საქართველოს თავისი გზა აქვს ევროკავშირისკენ. ეს არის ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა არეულობებში მოსკოვი დაადანაშაულა და მეტს ხომ არ იტყოდა ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს:" მგონია, რომ ამ ქვეყანაში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, არის ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობები და ჩვენ ყველანი ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ასეთ ქვეყანაში ძალიან ადვილია მოსახლეობის გრძნობებზე თამაში და აგიტაცია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს გზა ევროკავშირია.
" ეს ჩვენი გზაა. ჩვენ ერთი პერსპექტივა და ერთი გზა გვაქვს. ეს არის ევროკავშირი. დაძაბულობები მოსკოვთან ადრეც არსებობდა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი 1,5 მილიონი ტურისტისთვის, ჩამოსულიყო ქვეყანაში ყველანაირი ინციდენტების გარეშე", - განაცხადა პრეზიდენტმა.