რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები დარჩენილი ორი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ: გადადგეს გიორგი გახარია და გაათავისუფლონ დაკავებულები.
იქიდან გამომდინარე, რომ აქციის მონაწილეთა ერთი მოთხოვნა -პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით - შესრულდა, დემონსტრანტებმა აქციაზე სიმბოლურად ერთი თითი ასწიეს. ორგანიზატორებმა იმედი გამოთქვეს, რომ ხვალ მეორე მოთხოვნაც შესრულდება და სიმბოლურად ორ თითს ასწევენ.
"ჩვენ ვართ ერთ მუშტად შეკრული საქართველო. ჩვენ ვართ თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველო. პირველი დიდი გამარჯვება იყო ის, რაც დღეს მოხდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ის მზადაა პროპორციული არჩევნებისთვის. ჩვენს მოთხოვნებში არ არის მთავარი და მეორეხარისხოვანი. თითოეული მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ აქ აქციაზე ვაყენებთ, არის ჩვენი საერთო გადაწყვეტილება. ჩვენ ვერ შევეგუებით პოლიტპატიმრების არსებობას ქვეყანაში. ჩვენ ვერ შევეგუებით შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც საკუთარ ხალხს ასახიჩრებს და წამლავს," - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ სიტყვით გამოსვლისას.