მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილია ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ, სისხლის სამართლის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, - ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ამას გარდა, მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს ბრალდებულის მიერ მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების მოპოვების ხელის შეშლის საფრთხეები და მიიჩნია, რომ გირაო 40 ამასთან ერთად დამატებითი ვალდებულებები, კერძოდ, ბრალდებულს აეკრძალოს ქვეყნის დატოვება სამართალდამცავი ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე, სრულად უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს",- განაცხადა გუბელაძემ.
რაც შეეხება იმას, რომ გვარამია გირაოს გადახადას არ აპირებს, პროკურორი განმარტავს, რომ "წინასწარ ნუ გავაკეთებთ დასკვნებს ვინ რას მოიმოქმედებს, დაველოდოთ ბრალდებული რას იზამს".
"ერთია რას ამბობს და მეორეა რას გააკეთებს, მას აქვს ერთთვიანი ვადა გირაოს გადახდისთვის, დაველოდებით და ამის შემდეგ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება", - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ეკრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას შეფარდებული გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა აქვს. თავად ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გირაოს არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხდის.
შეგახსენებთ, პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.
"რუსთავი2" - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, "გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა."