საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, სამინისტროს მხრიდან ფსიქიკური დარღვევების მკურნალობის სფეროში მომავალში პრიორიტეტულ მიმართულებად სათემო საცხოვრისების შექმნას ასახელებს.
სააგენტო "პირველთან" საუბარში მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების საზოგადოებიაში ინტეგრაცია და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება მცირე ზომის სათემო სახლებშია შესაძლებელი.
გაბუნიას თქმით, ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მთელი საზოგადოების მხრიდან, ბენეფიციარების მიმართ სოლიდარობისა და ტოლერანტობის გამოხატვა მნიშვნელოვანია.
"ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტისთვის არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ მომსახურებას, ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის. ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის 24 მილიონი ლარია გამოყოფილი, მომავალ წელს 27 მილიონის გამოყოფა იგეგმება. ეს ზრდა ძირითადად უკავშირდება სათემო სერვისების გაძლიერების აუცილებლობას. ვფიქრობ, უფრო მეტი სათემო საცხოვრისი გაჩნდება, რაც გრძელვადიანი მოვლის საჭიროების პაციენტებისთვის იქნება გათვალისწინებული. დღევანდელ სტაციონარებში ეს პაციენტები რჩებიან დიდი ხნის მანძილზე, თუმცა შეიძლება მათი საზოგადოებაში მეტად ინტეგრირება. უკეთესია, თუ ჩვენ გვექნება მეტად თემში ინტეგრირებული საცხოვრისები და ყველა ადამიანს ექნება, შესაძლებლობის ფარგლებში, საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზაციის საშუალება. ამას დასჭირდება მეტი დრო და ამისთვის გვჭირდება ფიზიკური ინფრასტრუქტურა. სწორედ აი ამ მიმართულებით იქნება კონკრეტულად 2020 წელს გაფართოებული პროგრამა. ბუნებრივია, ამას სჭირდება დრო, სადღაც 5-10 წლიან პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, რომ შევძლოთ მეტი ადამიანის გადმოყვანა დიდი ზომის ჰოსპიტალიდან სათემო საცხოვრისში. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსი, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიატრიაში რეზიდენტული პროგრამის დაფინანსება თვის თვაზე აიღო და წელს ადგილზე 4 რეზიდენტი ჩაირიცხა. სტიგმა არის სერიოზული და საზოგადოების მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტების მიმართ", - აცხადებს თამარ გაბუნია.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ფსიქიკური პრობლემის აღიარება და მკურნალობის დაწყება, ვინაიდან არანებაყოფლითი მკურნალობა კანონით დაუშვებელია.
"დღეს საქართველოშ რეგისტრირებულია 80 ათასზე ოდნავ მეტი პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკური ანალიზის პროგნოზით, სავარაუდოდ, მეტი უნდა იყოს ასეთი ადამიანი, რომელიც სისტემაში არ მოსულა. საუბარი გვაქვს შემთხვევების გამოვლენაზე, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მიმართვიანობა ოჯახის წევრების ან ახლობლების მხრიდან, ვინაიდან ადამიანის სამკურნალოდ აუცილებლი პირობაა პაციენტი მოვიდეს კლინიკაში, არანებაყოფლით მკურნალობაზე გამონაკლისი დაიშვება მაშინ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება მომართვა, რომ პირი არის უუნარო და სოციალურად საშიში. ასევე, თუ ადამიანი სოციალურად საშიშ ქცევას შეამჩნევს, ვინმეს შეუძლია დარეკს 112-ში ან ჯანდაცვის ცხელ ხაზზე 115. შეტყობინებაზე მოვახდენთ რეაგირებას. აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებაში სტიგმა ძალიან მაღალია. პაციენტს შეძლება ჰქონდეს ფსიქიკური პრობლემა და ის არადროს არ იყოს სოციალურად საშიში. უნდა მოხდეს შეტყობინების მიღება და შემდეგ ზუსტად განსაზღვრა, რალურად აქვს თუ არა პრობლემა და არის თუ არა ის საშიში", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.