იცით, რა არის ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის? თქვენ მიერ დახატული აპოკალიფსური სურათის საპასუხოდ ჩვენ ვიღებთ ევროკავშირისა და ნატო-ს მხრიდან საქართველოს რეფორმების სრულ აღიარებას, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს სერგო რატიანს.
„ბატონო სერგო, ხშირად გამოდით ხოლმე ამ თქვენი დემოკრატიული სფიჩით, რაც კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს იმ ფუნდამენტურ განსხვავებას, რაც ჩვენსა და თქვენს შორის არის. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის შტურმის თემასთან დაკავშირებით, დადგით რაღაც სპექტაკლი და სტვენით იყავით დაკავებული, თუმცა თქვენ და თქვენმა კოლეგებმა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ძალიან კარგად იცოდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა ცოდვების რიგი აწევს მხრებზე, მაგრამ სწორედ ამ პოლიტიკური ძალის სახელით, დღეს თქვენ სხედხართ პარლამენტის დარბაზში, გვმოძღვრავთ და გვესაუბრებით დემოკრატიაზე.
თქვენი სურვილია, რომ ეს ქვეყანა იყოს ჩამოქცეული და მოსახლეობა იყოს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენ, რომ როგორმე მოახდინოთ თქვენი პოლიტიკური მიზნების რეალიზაცია. ეს არის თქვენი ძირითადი სტრატეგია. ამიტომ არის მთელ უბედურებაზე რომ გვესაუბრებით და იცით რა არის ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის? თქვენ მიერ დახატულ ამ აპოკალიფსურ სურათის საპასუხოდ, ჩვენ ვიღებთ ევროკავშირისა და ნატო-ს მხრიდან საქართველოს რეფორმების სრულ აღიარებას. ახლა იძახეთ რამდენიც გინდათ, რომ კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ და დაიწყეთ საუბარი ეკონომიკურ სიდუხჭირეზე. გვესაუბრებით პროდასავლურობაზე და მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებთ, რაც რუსულ ინტერესებში შედის, რომ როგორმე ხალხი გაღატაკდეს, როგორმე ამ ქვეყანას უბედურება თავზე დაატყდეს, რომ როგორმე თქვენი პოლიტიკური მიზნებისა და ინტერესების რეალიზაცია მოახდინოთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ოპოზიციის მისამართით.
მისივე განცხადებით, ყველაზე სწორი რეაქცია ანტისაოკუპაციო კამპანიის წარმოებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან გრიგოლ ვაშაძესთან მისვლა და საკითხის მასთან გაპროტესტება იქნება.