რომელ სტილს მივანიჭოთ უპირატესობა ახალი წლის წვეულებაზე, რომელი ფერებია მოდაში, როგორი სიგრძის ქვედაბოლოებია აქტუალური - ამ და სხვა თემებზე ცნობილი ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე გვესაუბრა. როგორც ავთანდილმა „ინფო9“-ს უთხრა, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ სად ვხვდებით ახალი წლის შემობრძანებას და კონკრეტული ადგილის შესაბამისად, რჩევებს გვაძლევს: მაგალითად, ზამთრის კურორტზე თუ იმყოფებით, ჭრელი ქვედაბოლოსა და რბილი ზედატანის ჩაცმა შეგიძლიათ, თუ კლუბური გართობის მოყვარული ხართ, ტყავის გაშლილ ქვედაბოლოებს გირჩევთ. დიზაინერი იმ ქალბატონებს, რომელთაც ზედმეტი წონა აწუხებთ და სურთ, ახალი წლის საღამოს ზედმეტი კილოგრამები თვალშისაცემი არ გახდეს: შავი, მუქი ნაცრისფერი, მუქი ლურჯი, ან მწვანე ფერის სამოსის ჩაცმას ურჩევს.
- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, ახალი წლის წვეულებაზე რომელ სტილს მიანიჭონ უპირატესობა?
- ზოგადად, ძალიან რთულია, როცა ადამიანს ვერ ხედავ, ურჩიო რა ჩაიცვას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ სად ხვდებით ახალ წელს; თუ ახალი წლის საღამოს რომელიმე ზამთრის კურორტზე აღნიშნავთ, უმჯობესია, მსხვილი, დიდი ნაქსოვი, რბილი ზედატანი და აბრეშუმის ჭრელი ქვედაბოლო გეცვათ; შეგიძლიათ ნაქსოვი გამაშები უხეშ ფეხსაცმელზე ჩაიცვათ. გამოიყენეთ ბევრი ბრჭყვიალა ყელსაბამი. თუ აპირებთ მაღალი კლასის რესტორანში სტუმრობას, ამ შემთხვევაში, პირველი ხაზის მოდელებს გთავაზობთ, რომელიც უფრო გამოყვანილი, მკვეთრი სილუეტისაა; ვაწყობთ როგორც ფერწერას, ისე ბუმბულებით და უკვე საზეიმო განწყობა იქმნება. თუ სახლში ხვდებით, დავარდნილი ქსოვილისგან ოდნავ თავისუფალი სამოსი შეარჩიეთ. თუ კლუბში წასვლას ამჯობინებთ, გვაქვს ტყავის გაშლილი ქვედაბოლოები და საკმაოდ უხეში, მაღალყელიანი ჩექმა, რომელიც ოდნავ სამხედრო ტიპისაა, მაგრამ გლამურულ იერს არ კარგავს. მინდა გითხრათ, რომ ყველა ქალი ინდივიდუალურია, შესაბამისად, შეუძლია კანონებს არ დაემორჩილოს და იყოს ისეთი, როგორიც მას უნდა. რაც შეეხება მამაკაცებს - არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ, ვიყო მამაკაცების დიზაინერი, ამიტომ ძალიან მიჭირს მათთვის რჩევის მიცემა, იმიტომ, რომ ვთქვათ, როგორც მე ვიმოსები და მიყვარს ჩაცმა, საქართველოში 3-4% იმოსება.
- როგორი სტილისა და რა ფერის სამოსი შეარჩიონ იმ პუტკუნა ქალბატონებმა, რომლებსაც სურთ, საღამოს ზედმეტი კილოგრამები დამალონ?
- მინდა, გითხრათ, რომ ამ შემთხვევაშიც რთულია რჩევის მიცემა, რადგანაც სიმსუქნე არის როგორც მთლიან სხეულზე, ასევე ნაწილობრივ. სასურველია, იმ ადგილებში, სადაც პრობლემატური ზონაა, ტანსაცმელი არ იყოს მომჯდარი; ვთქვათ თუ ქვედა ნაწილზე გამხდარი ხართ, არაა სავალდებულო, მთლიანად გაშლილი და დიდი ზომის სამოსი გეცვათ. არაა სწორი, როცა მსუქანი ქალი მთლიანად დიდი ზომის ტანსაცმელს იცვამს. გირჩევთ, აქცენტი სწორედ იმ ადგილებში გააკეთოთ, რომელიც შედარებით უფრო თხელია და სხეულის ამ მონაკვეთში ქსოვილი უფრო მომდგარი დატოვოთ, თუმცა, ძალიან მომდგარიც არ უნდა იყოს, რადგანაც ნაკლი, რომლის დაფარვაც გსურთ, პირიქით უფრო გამოჩნდება. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალია, იცნობდე შენს სხეულს და სარკის წინ ქსოვილის ხარჯზე მიხვდე რომელი სილუეტია შენი. როგორც მოგეხსენებათ, შავი ფერის სამოსში სხეული უფრო გამხდარი ჩანს, ასევე მსგავსი ეფექტი აქვს: მუქ ნაცრისფერს, მუქ ლურჯს, შეგიძლიათ შეარჩიოთ მწვანე ფერის სამოსიც. საერთოდაც, ბევრი ტონი, რომელიც არაა პრეტენზიული, ჭარბი წონის სხეულზე მორგებადია.

- რა ფერებია მოდაში?
- ნუ შეგვაშინებს ნათელი, მკვეთრი ფერების ერთმანეთთან სინთეზი, სცადეთ თუნდაც შავთან. რამდენიც არ უნდა ვურჩიო ქალბატონებს ტონალობა, მაინც მუქ ფერებზე აკეთებენ აქცენტს. ძალიან აქტუალურია შემდეგი ტონალობები: ღია ყავისფერი, კანისფერი, მუქი მწვანე, მუქი ბორდო, რომელიც უფრო ღვინისფერში გადადის. ამასთან, მოდაშია დიდი ზომის, მასიური აქსესუარები. ძალიან აქტუალურია დაბალი ფეხსაცმელი, თავისთავად ძალიან აქტუალურია წვრილქუსლიანი კლასიკური ფეხსაცმელი - მისი შეცვლა ფაქტობრივად გარდაუვალია. ხშირ შემთხვევაში წელი დაფიქსირებულია. თუ ქალბატონებთან წელის პრობლემა არსებობს, ამ შემთხვევაში ქვემოთ გვხვდება უფრო დავიწროებული სილუეტი და ზემოთ თავისუფლების ხარჯზე ქალურ სილუეტს არ კარგავს, ანუ გაურკვეველი ფორმის თარგში სხეული არ იკარგება - ქალის ფორმები ბრუნდება და მისი აქცენტირება სასურველია. ვერ ამოწურა თავისი თავი კუბოკრულმა ქსოვილმა და მომავალ ზამთარშიც გაგრძელდება მისი აქტუალურობა.
- ზამთრის სეზონისთვის ყველაზე სასურველი და საჭირო აქსესუარები ქუდი და შარფი; იკვეთება რაიმე ტენდენცია?
- აქტუალურია დიდი, მასიური, ხელით ნაქსოვი შარფები, ქუდები, რომელიც საკმაოდ თბილია. ვინც იცის ქსოვა და საქართველოში ბევრმა იცის, შეგიძლიათ, შარფი მოიქსოვოთ. უნდა იყოს ხელით ნაქსოვი, ან უნდა ჰგავდეს ხელით ნაქსოვს.
- როგორი სიგრძის ქვედაბოლოებია მოდაში?
- ქვედაბოლოებში ფართო არჩევანი გაქვთ: ძალიან მოკლე, ძალიან ვიწრო, მიდი სიგრძე. სათავე წელზე უნდა იყოს დაფიქსირებული. თუმცა, ვერავინ შეგედავებათ - მოირგეთ ის ქვედაბოლო, რომელიც თქვენთვის უფრო მეტად მისაღებია.
- რას გვეტყვით შარვალზე?
- გამოყვანილი შარვლები ყოველთვის აქტუალურია, ასევე მყარი შალის ქსოვილისგან ფართე შარვლები, რომელიც სილუეტს ადიდებს, თუმცა, მისი მორგება რთულია. ვინც რისკავს, ამ მოდურ სილუეტს ძალიან ლამაზად ატარებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში უნდა შეარჩიოთ ზედატანი, რომელიც ტანზე გამოყვანილი და მომჯდარი იქნება.
- როგორი ფორმის ჩანთები შევიძინოთ?
- მინდა გითხრათ, რომ ჩანთების ფორმები ძალიან დაიხვეწა, გახდა მინიმალური. მოგვაგონებს ძველი კომუნისტებისდროინდელ ჩანთებს, რომელიც იყო კვადრატული. ეს ფორმა მომწონს და კარგია, რომ დიზაინერებმა ასეთი სტილის ჩანთები ერთიანად აიტაცეს. ამ ფორმის ჩანთები დახვეწილი და მინიმალისტურია.