აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
მდინარე ენგურზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების შესაძლო შემცირების საკითხს გამოეხმაურა.
„მდინარე ენგურზე გადასასვლელი პუნქტების შემცირების თემა ძალიან აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით და თავად აფხაზური მხარის ნებით, ამ საკითხებისადმი დამოკიდებულება პერმანენტულად იცვლება. ბოლოდროინდელი მოვლენები კი, იმაზე მიუთითებს, რომ რუსული მხარე ცდილობს ისევ შეამციროს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობა. თავდაპირველად მათი რაოდენობა ექვსი იყო და ოთხამდე შეამცირეს, ხოლო ახლა ამ რაოდენობის განახევრება გადაწყვიტეს.
რთული წარმოსადგენია თუ როგორ უნდა შეძლოს ამხელა მოსახლეობამ მხოლოდ ორი გადასასვლელის საშუალებით გადაადგილება, მაშინ როცა თავად სოხუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მათ შორის, იგივე ნადარაია აცხადებენ, რომ ამ გადასასვლელებით ორივე მიმართულებით ჯამურად დროდადრო თითქმის 1 200 000 ადამიანი სარგებლობს.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობამდე ჩვენ ვაპირებთ ქალბატონ ქეთი ციხელაშვილთან და მის მოადგილესთან ერთად ვიმსჯელოთ ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რომლებიც ქართულ მხარეს აწუხებს, მათ შორის იქნება ქართული ენის სწავლების საკითხი და სხვა. ვფიქრობ, რომ მაინც რთული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სოხუმთან ერთად ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება“, - აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კიარაზაა“ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ენგურის ე.წ. საზღვარი მიმდინარე წელს 1 083 000-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც 2014 წლის მაჩვენებელს 80 ათასით აღემატება. აღნიშნულის გამო, მდინარე ენგურზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობა შესაძლოა, შემცირდეს.