ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს უახლოეს მომავალში ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო გზის აშენების იმედი აქვს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის გზის მშენებლობის საკითხს პოლიტიკური ხასიათი აქვს. ეს ჩვენთვის და კავკასიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზაა. ითუმ-კალიდან (სოფელი ჩეჩნეთის სამხრეთით) საქართველომდე მანქანით 40-50 წუთში ჩახვალთ, იქიდან კი თურქეთის გავლით ევროპამდეც მიხვალთ. ამიტომ, ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში ეს გზა უნდა გავხსნათ და მეზობლებთან, კერძოდ კი საქართველოსთან, ურთიერთობა დავალაგოთ“, - განაცხადა კადიროვმა.
ჩეჩნეთის ლიდერი გზის მშენებლობაზე შარშანაც საუბრობდა, თუმცა მაშინ აღნიშნა, რომ შექმნილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ასეთი პროექტის განხორციელება რთული იქნება. 2019 წლის ივნისის მოვლენების დროს კი კადიროვი საქართველო დაემუქრა და განაცხადა, რომ თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია.