სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პარლამენტის შენობის პიკეტირება, "რა თქმა უნდა, არ არის კანონიერი, კანონის წაკითხვა ყველას შეუძლია და ნახავს, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს". ამის შესახებ ომბუდსმენმა Facebook-ზე დაწერა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, მას უფრო დიდი უკანონო ის მიაჩნია, "რომ ხალხს უთხრა, ვისაც მხარს დაუჭერ, იმას პარლამენტში არ შევუშვებო, პარტიებს უთხრა, იმ რაოდენობით არ შეგიშვებ პარლამენტში, რა მხარდაჭერაც გაქვსო".
"შესაბამისად, როდესაც ოპოზიციას, ახალ პოლიტიკურ ძალებს არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, არც ისინი შეგიშვებენ პარლამენტში.
პოლიტიკურ კრიზისს სწორედ მაჟორიტარული სისტემა ქმნის და ამის დასტურია დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ისტორია. მაჟორიტარებს კი თუ თვითმმართველობების პრობლემები აწუხებდათ, დეცენტრალიზაციის რეფორმა უნდა გაეტარებინათ, იმიტომ არიან ისინი პარლამენტში, რომ პოლიტიკური რეფორმები გაატარონ და არა იმიტომ, რომ გზები დააგონ, მილები ჩაყარონ, ან სკოლები არემონტონ", - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ "იმედის" ეთერში ხელისუფლებასთან დიალოგის პირობა დაასახელა და ეს გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებაა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელები ქვიშის ტომრებით და სამშენებლო ნარჩენებით ჩახერგეს.
ოპოზიციის აქცია პარლამენტის წინ 17 ნოემბერს, 15:00 საათზე დაიწყო, მოგვიანებით კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. დღესვე აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.
მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.