სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დღეს მოქმედი წესი, რომლითაც ადამიანს ნარკოტიკული საშუალებით თრობა უდგინდება, ადამიანის უფლების შემლახველია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ომბუდსმენის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განუცხადა, წესი, რომლის მიხედვითაც ადამიანს ბიოლოგიური მასალის ჩაბარება საკუთარი თავის წინააღმდეგ უწევს, არაკონსტიტუციურია. აღნიშნული წესის ცვლილებას სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ითხოვს.
"ეს წესი არაკონსტიტუციურია იმიტომ, რომ ღირსებისშემლახავ პირობებში ხორციელდება მისი აღსრულება. პრობლემურია იმიტომ, რომ ადამიანებს უწევთ თავის თავის წინააღმდეგ ბიოლოგიური მასალის ჩაბარება. ასევე პრობლემურია იმ თვალსაზრისით, რომ ეს თავისუფლების გარკვეული შეზღუდვაა და შესაბამისი მტკიცების სტანდარტები კანონში მკაფიო არ არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ის რეგულირება, რომელიც დღეს მოქმედებს, არის არაკონსტიტუციური.
ამ ცვლილების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მივმართეთ და დასაშვებადაც იქნა ცნობილი, არსებითად იქნა განხილული და სასამართლო გასულია სათათბირო დარბაზში გადაწყვეტილების მისაღებად. ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვირეკოს სასამართლომ და გვითხრას, რომ გადაწყვეტილება მზად არის," - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.