სანზონაში, 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატირობა თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გარდაცვლილი მცირეწლოვნის მიმღები ოჯახის წევრები დაიკითხნენ. როგორც საქმის პროკურორი ლევან ჟორჟოლაძე აცხადებს, აღნიშნული პირების დაკითხვით, დაცვის მხარის ვერსია გამოირიცხა, რომლის მიხედვითაც, ბავშვს ბანაობა არ უყვარდა და რომ ის დაზიანებებს ამ დროს თავად იყენებდა.
"დღეს დაიკითხნენ ბავშვის მიმღები ოჯახის წარმომადგენლები, ანუ მისი მშობლები, რომლებთანაც ის წლების განმავლობაში იზრდებოდა. მოწმეებმა გამოძიების პროცესში მიწოდებული ინფორმაცია დაადასტურეს. ჩვენი მოლოდინი გამართლდა, ვგულისხმობ, რა ჩვენების მოლოდინიც გვქონდა ბრალდების მხარეს, ის ჩვენებები იქნა სასამართლოსთვის მიწოდებული. შინაარს ვერ მოგახსენებთ.
ასევე, სასამართლოს მიერ განხილული იქნა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი და სასამართლომ მიიჩნია, რომ კვლავ არსებობს ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები და მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა", – აცხადებს ჟორჟოლაძე.
შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლუკა ქსოვრელის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე.
აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან.