ადვოკატი მარიტა კუბლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარ ძმიშვილთან ერთად, დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, 2019 წლის 7 მაისს, 11:00 საათზე.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაბარება უკავშირდება მის მიერ 2018 წლის ზაფხულში, საჯაროდ გაკეთებულ ემოციურ განცხადებას, რომლის თაობაზე ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში დაკითხულ იქნა მოწმის სახით ადვოკატებთან ერთად. ამ განცხადების ფარგლებში, კითხვები ამოიწურა ჯერ კიდევ 8 თვის წინ და გამოირიცხა დანაშაულის შემადგენლობა, შესაბამისად, აბსურდულია დღეს იგივე საფუძვლით ხელმეორედ დაკითხვა.
ვეჭვობ, რომ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია არ არის ზუსტი და სრულიად სხვა მიზანი და საფუძველია.
შეგახსენებთ, რომ მალხაზს უმძიმეს და გაუსაძლის პირობებში უწევს ქუჩაში ცხოვრება, ყოველდღიურად აწყდება უამრავ ღალატს, სისასტიკეს და ფსიქოლოგიურ ძალადობას. მის წინააღმდეგ დაიგეგმა არაერთი პროვოკაცია, შეთავაზებულ იქნა უამრავი სარგებლიანი წინადადება, მაგრამ მისი მოთხოვნა და პოზიცია უცვლელია - უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, უნდა დაისაჯოს თემირლანის მკვლელი! იგი ვერ წავა და ვერ იცხოვრებს იმ სახლში, სადაც უდანაშაულო შვილი უსაფუძვლოდ მოუკლეს, იგი დაელოდება სამართლის აღსრულებას პარლამენტის წინ, კარავში.
მე კი ვიბრძოლებ მასთან ერთად ბოლომდე, ვიდრე მექნება აზროვნება, ძალა და შესაძლებლობა, ვიდრე ვიქნები დარწმუნებული, რომ ვემსახურები სიმართლეს და სამართალს!"