დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე აქტიური ინფექციის მატარებელი მოსახლეობის იდენტიფიკაციისათვის, სკრინინგების საშუალო რაოდენობა უნდა გაორმაგდეს. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს სკრინინგის სერვისებისადმი მოსახლეობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ცენტრის ინფორმაციით, C ჰეპატიტის სკრინინგის ღონისძიებების გაფართოება განსაკუთრებით ეფექტურია მასობრივი თავშეყრის ადგილებში, როგორითაც გამოირჩევა იუსტიციის სახლები. კერძოდ, მოწოდებული სტატისტიკით, იუსტიციის მხოლოდ 12 სახლში, რომლებიც განთავსებულია რეგიონულ ცენტრებსა და დიდ ქალაქებში, მოსახლეობის ნაკადი თვეში საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 450 ათას ადამიანს. მიმდინარე წელს C ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში 2-8 აგვისტოს, 5 სამუშაო დღის განმავლობაში თბილისის იუსტიციის სახლში ჩატარებული გასვლითი აქციის დროს დაისკრინა 833 პირი, რომელთაგან პირველადად გამოვლინდა სკრინინგით დადებითი 29 ახალი შემთხვევა (3,5%). აღნიშნული წარმატებული პრაქტიკის საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დაიგეგმა მათი საჯარო სივრიცის C ჰეპატიტის ელიმინაციის სამსახურში ჩართვა, მომზადდა და მთავრობის მიერ მოწონებული იქნა დადგენილების პროექტი იუსტიციის სახლებში მუდმივმოქმედი სკრინინგ კუთხეების მოწყობის თაობაზე.
შესაბამისად, მიმდინარე წლის სექტემბრიდან იუსტიციის სახლის 3 ოფისში (თბილისი, ქუთაისი და ბათუმი) მოეწყო სკრინინგის მუდმივმოქმედი კუთხეები, სადაც მოსახლეობას შეეძლება უფასოდ მიიღოს აღნიშნული სერვისი, ხოლო დანარჩენ 9 ოფისში სკრინინგის მუდმივმოქმედი კუთხეების გახსნა დაგეგმილია მიმდინარე თვის მეორე ნახევარში.
პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება წელიწადში დაახლოებით 400 ათასზე მეტი ადამიანის დასკრინვა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნის მიღწევის გზაზე.
ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტში C ჰეპატიტის მართვის პროგრამის განსახორციელებლად 16.0 მილიონი ლარია გათვალისწინებული.