სამართალდამცველებმა სამეგრელოში ნარკორეალიზატორი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
უწყების ცნობით, 14 მაისს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ზუგდიდში, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ვ. კ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ სისტემატურად ასაღებდა. სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, სამართალდამცველებმა მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, 150-ზე მეტი პირი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.