გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია "მაესტრო" იხურება. არხზე აღარ გავა საინფორმაციო გამოშვება. "მაესტროს" თანამშრომელთა ნაწილს კი უკვე შესთავაზეს ტელეკომპანია "იმედზე" გადასვლა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
"მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ფუტკარაძე დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
" შემიძლია გითხრათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა თათბირი, სადაც დღის მიმდინარე ამბები დავგეგმეთ. ანუ, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. არხის დახურვასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ჩემთვის არაფერია ცნობილი"- განაცხადა ფუტკარაძემ.
"მაესტროს" თანამშრომელთა ნაწილის "იმედზე" გადასვლის შესახებ მოლაპარაკებებს, ასევე არ ადასტურებს ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსიც.
შეგახსენებთ, რომ "მაესტრო" 2017 წლის ივნისიდან ტელეკომპანია "იმედის" შენობიდან მაუწყებლობს.