ზაფხულში სხვადასხვა ალერგიის მქონე ადამიანებმა დასასვენებელი კურორტი ისე უნდა შეარჩიონ, რომ ალერგიული პრობლემები არ შეექმნათ. მთა თუ ზღვა? - ეს არის მთავრი კითხვა, რომელზე პასუხიც პაციენტებს ხშირად აინტერესებთ.
როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგმა მაკა რუხაძემ "იმედის დღის" ეთერში განაცხადა, მოქალაქეებმა დასასვენებლად წასვლამდე კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიარონ და დასვენების დღეები ისე დაგეგმონ.
"თუ თქვენ პრობლემები უკვე გქონდათ გასულ წელს, პირველ რიგში დროულად უნდა მიაკითხოთ ექიმ-ალერგოლოგს. ადამიანს შეიძლება კონკრეტული ალერგენის მიმართ ჰქონდეს მგრძნობელობა მომატებული. თუ უკვე გაქვთ დასმული დიაგნოზი მაგალითად ,მცენარის მტვერზე ალერგიაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ალერგოლოგიური კალენდარი და განსაზღვროთ დასვენების დღეები", - განაცხადა რუხაძემ.
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ინფორმაციით, თუ პაციენტს მცენარის მტვრის მიმართ აქვს ალერგია, მან ზღვაზე უნდა დაისვენოს, რადგან ზღვის კურორტი და სანაპირო ზოლი შთანთქავს ყველა ალერგენს. თუმცა ამავე დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სარეველების ყვავილობის პერიოდი იწყება, ამიტომ პაციენტებს პირველ სანაპირო ზოლზე დასვენებას ურჩევენ.
იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ოთახის მტვრისა და სოკოვანი ალერგენების მიმართ არის მგრძნობიარე, ზღვის სანაპიროზე წვიმიან ამინდებში ყოფნა არასასურველია.
ოთახის მტვრის ტკიპების მიმართ ალერგიულ ადამიანებს კი ექიმები ხშირად მთაში დასვენებას ურჩევენ.
"ასთმისა და ალერგიული რინიტის მქონე ადამიანებს ვურჩევთ მთის კურორტებს: ბახმარო, ბეშუმი, ბაკურიანი, სტეფანწმინდა, შოვი. უნდა გაითვალისწინონ, რომ სასტუმროსა და კოტეჯის შერჩევისას მტვერზე ალერგიის შემთხვევაში უნდა მოერიდონ ხალიჩებიან, რბილი იატაკის მქონე საცხოვრებელს", - განმარტა მაკა რუხაძემ.
გარდა საზაფხულო კურორტის შერჩევისა, ალერგიული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია საჭირო მედიკამენტების მუდმივად თან ქონა. ასთმიან პაციენტს თან ჰქონდეს მაკონტროლირებელი მედიკამენტი. ასევე იმ მედიკამენტების ნუსხა, რომელსაც ექიმი ურჩევს. უნდა გავითვალისწინონ კვებითი ალერგიისა და მწერებით გამოწვეული ალერგიის დროს გამოსაყენებელი საშუალებებიც, ასევე უნდა ჰქონდეთ გამო მზისგან დამცავი, დამატენიანებელი, თერმული წყალი. იმ შემთხვევაში თუ ადამიანს კონკრეტულ ალერგენზე სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია აქვს, თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი წამალი, რომელსაც საჭიროების დროს შეტევისას ნემსით გაიკეთებს.
ალერგოლოგ-იმუნოლოგის რჩევით, ალერგიის მქონე ადამიანები კურორტზე ყოფნისას სასურველია ახლოს იყვნენ სამედიცინო პუნქტთან. გამგზავრებამდე კი მიმართონ ექიმს.