17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.