"ბოდიშით, მაგრამ მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს ვერ დავაკავებთ, როცა შეიქმნა საფუძველი, მაშინ დავაკავეთ მიხეილ კალანდია" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა. მისი, თქმით შინაგან საქმეთა სამინისტრო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდა.
"იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სხდომა იმასთან დაკავშირებით, გ.ბ იღებდა თუ არა ამ დანაშაულში მონაწილეობას და საერთოდ იყო თუ არა მკვლელობის თანამონაწილე, ამ ფონზე იურისტები კარგად გაგვიგებენ და პირველ რიგში შალვა შავგულიძეს უნდა ესმოდეს რაზეც ვსაუბრობ, ამ ფონზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გადაწვეტილების მიღება მიხეილ კალანდიას დაკავებაზე მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლო ჯერ კიდევ სხვა პირის მხრიდან მკვლელობის თანამონაწილეობაზე მსჯელობდა და გადაწყვეტილება გამოტანილი არ ჰქონდა, უბრალოდ აბსურდი იქნებოდა. ამიტომ ჩვენ დაველოდეთ გადაწყვეტილებას, გუშინ სააპელაციო სასამართლომ ნათლად და მკაფიოდ გვითხრა, რომ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ-მ და მასთან ერთად მკვლელობაში თანამონაწილე არ ყოფიალ გ.ბ, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ მკვლელობაში გ.ჯ-სთან ერთად გახლდათ სხვა პირი. ახლა ეს გარემოება იმ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომელიც ხელახალი გამოძიების პირობებში ჩვენ შევკრიბეთ უკვე საკმარის საფუძველს გვაძლევდა ვარაუდისთვის, რომ დაკავების გადაწყვეტილება მიგვეღო. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რაც არ უნდა მწვავე იყოს საზოგადოების რეაქციები, მოთხოვნა ამა თუ იმ პირის დაკავებასთან დაკავშირებით, უკაცრავად ბოდიშს ვიხდით, რომ ადამიანებს მტკიცებულებების გარეშე ვერ დავაკავებთ, როცა შეიქმნა საფუძველი, მაშინ მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა
შეგახსენებთ, დღეს შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდიას დააკავა, რასაც უკვე 17 თვეა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის პალატის გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის განხრაზ მკვლელობა ჩაიდინა გ. ჯ.-მ, ჯგუფურად, პალატამ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა