ივანიშვილო, გახარია, თქვენ შეგყავთ სპეცრაზმელები შეცდომაში და არცხვენთ მათ მუნდირს, თქვენი ბრალია ყველაფერი, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას არ ეპატიება, რომ "უდანაშაულო ბავშვები დაასახიჩრა".
"მინდა მივმართო დღევანდელ ხელისუფლებას, პირადად ივანიშვილს და გახარიას, როგორც დღეს თქვენ ხედავთ, ერთობა და გამოხატულება, ერთი მეორეში გადადის. იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ ხალხი გატყდება ან დაიღლება. ეს ადამიანები სამართალს ითხოვენ. თქვენ ისეთი რამე დააშავეთ, რაც გამოუსწორებელია. ნებისმიერი ხელისუფლება გადადგებოდა, თქვენ ადგილას. ისეთი დანაშაული ჩაიდინეთ, აქ 20-21 ივნისს, მე არ გამიკვირდებოდა, რომ გესროლათ ჩემთვისაც. თქვენ ჩემი სისხლი გწყურიათ, როგორც მე თქვენი, გახარია იქნებით თუ ივანიშვილი. თქვენ, მშვიდობიან ახალგაზრდებს, რომლებიც გამოვიდნენ, რომ გამოეთქვათ მშვიდობიანი პროტესტი, ტყვიები ესროლეთ და დაასახიჩრეთ ბავშვები, არ გეპატიებათ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს სისტემა უნდა დაინგრეს.
"გააკეთეთ ეს ახალგაზრდობა რასაც გთხოვთ, გადააყენეთ გახარია. სხვა შანსი თქვენ არ გაქვთ, რადგან თქვენ დაღვარეთ სისხლი. სხვა სისხლიც ბევრია დაღვრილი. შემდგომში დაიწყება პირადად ჩემი ბრძოლა, თუ არ გადააყენებთ გახარიას. ეს სისტემა უნდა დაინგრეს საბოლოოდ და ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.