დიმიტრი გვრიტიშვილი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითმარქვია თავმჯდომარე. მას კანონით არ აქვს უფლება საბჭოს სახელით გააკეთოს ასეთი განცხადება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების რაღაც ეტაპზე შეჩერებას გულისხმობს, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ განუხილავთ, რომ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი შესაძლოა, დროებით შეჩერდეს და სექტემბერში განახლდეს. აქედან გამომდინარე, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ქცევა აკვირვებს.
"ცოტა გაურკვევლად იქცევიან. ჯერ შეთანხმდნენ, რომ დღეში ხუთ ადამიანთან უნდა გამართულიყო გასაუბრება, შემდეგ ჩამოვიდნენ სამზე, ბოლოს გადაწყვიტეს, რომ თურმე შესაძლებელია ორ ადამიანთან ჩატარდეს გასაუბრება, თუმცა მათი დამოკიდებულება პროცესისადმი არის ჩემთვის გაუგებარი. არ ვიცი, დიმიტრი გვრიტიშვილს რა უფლებამოსილება აქვს, ის მედიაში აცხადებს, რომ შესაძლოა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადადოს გასაუბრების ეტაპი და გაგრძელდეს სექტემბერში. ეს საკითხი სხდომაზე არ განხილულა. გვრიტიშვილს კანონით არ აქვს უფლება საბჭოს სახელით გააკეთოს ასეთი განცხადება, თუმცა თუ ეს ასე მოხდება, ამას მივიჩნევ გამარჯვებად იმ ბრძოლის შედეგად, რომელიც აქ მიმდინარეობს. როგორც ჩანს აღარ მოსწონთ, რომ საზოგადოება თვალს ადევნებს ამ ცირკს, რომელსაც ხელმძღვანელობს თვითმარქვია გვრიტიშვილი და უნდათ შეაჩერონ დროებით, რათა განეიტრალდეს ემოციები. კანდიდატების უმრავლესობა მოსამართლეა და ხშირ შემთხვევაში მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ადამიანები რომლებიც უვადოდ არიან უკვე დანიშნული, მათ კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების ტესტი მაინცდამაინც ვერ გაიარეს თავისდროზე და როგორ გახდნენ მოსამართლეები, კიდევ საკითხავია. ის კანდიდატები, რომლებიც დღეს მოდიან, ალბათ უზენაეს სასამართლოში ვერ მოხვდებიან. მათ შორის, ალბათ არის წინასწარი შეთანხმება, რომ ისინი ცდილობდნენ გაეჯერებინათ სხვადასხვა მოსამართლეებით ეს სია, რათ შეექმნათ ფორმალური კონკურენცია", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან სხდომის მიმდინარეობს საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ხელმძღვანელობს. საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეა, თუმცა ვინაიდან ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია, საკუთარი სურვილისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების გათვალისწინებით გასაუბრებებს ჩამოშორდა.
ამ წუთებში კი იუსტიციის საბჭოში გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკოლოზ მარსაგიშვილი გადის.