ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა.
ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, საქართველოდან "შინდისი" წარსდგება.
გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ოსკარის კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.
ხუთი ფილმიდან ერთი შეირჩა. კენჭი თორმეტმა ადამიანმა უყარა და 10 ხმით ფილმი "შინდისი" გავიდა.
"შინდისი", რომელიც რეჟისორმა დიმიტრი ცინცაძემ გადაიღო, დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებზე და სოფლის მოსახლეობის განსაკუთრებულ თავდადებაზე. პროექტის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილია. პროდიუსერები ვლადიმერ კაჭარავა, ედმონდ მინაშვილი და მინდია ესაძე გახლავთ. სცენარისტი - ირაკლი სოლომანაშვილი.