რუსეთი ცდილობს ისტორიის შეცვლას,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი რუსეთის დუმის გადაწყვეტილებას, განიხილოს "1920 წელს საქართველოს მიერ "სამხრეთ ოსეთში" მცხოვრებთა გენოციდის საკითხი".
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკითხზე საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებას საერთო პოზიცია აქვს, რომელსაც მხოლოდ რუსეთი არ იზიარებს. ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ რუსეთის მცდელობები, შეცვალოს ისტორია, წარუმატებელი აღმოჩნდება.
"რუსეთს თავისი პოზიცია აქვს, საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს - სრულიად განსხვავებული. ბუნებრივია, ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციები თანხვედრაშია. რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რა დამოკიდებულება აქვს და რასაც ცდილობს, ყველამ ვიცით. მთავარია, საერთაშორისო საზოგადოების აღიარება, რომელიც ამ საკითხების მიმართ არის სწორი, თანმიმდევრული და გადახედვას არ ექვემდებარება. ეს მცდელობა არის, ეს მათი პრეზიდენტისგან მოვისმინეთ. ეს მცდელობები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, "რუსეთის დუმა 1920 წელს საქართველოს მიერ "სამხრეთ ოსეთში" მცხოვრებთა გენოციდის საკითხს განიხილავს".
"სამხრეთ ოსეთის" პარლამენტის მიმართვას, 1920 წელს საქართველოს მიერ "სამხრეთ ოსეთში" მცხოვრებთა გენოციდის შესახებ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს", - განუცხადა ჟურნალისტებს დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.