„ის ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოიყენა მაკო გომურიც, რომლითაც მოიტყუეს, რომ ეს ადამიანი არის აქ, არის იმის განსახიერება, როგორ სიცრუეშიც აცხოვრებდნენ ისინი ჩვენს საზოგადოებას წლების განმავლობაში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქციის ფორმატში მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის შეწყვეტის შემდეგ განაცხადა.
„რამდენიმე სიტყვით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში, ამომრჩევლებს. ეს სპექტაკლი, რაც ახლა აქ მოაწყვეს, კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ფუნდამენტური პრობლემის, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა" დგას - ეს არის სიცრუე. ყველას კარგად გვესმოდა და ველოდით, რომ დღეს აქ მსგავსი სპექტაკლი იქნებოდა, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ მათ ამომრჩევლებს და ინსტიტუტებს. ამიტომ მოვედით აქ და ჩვენი ემოცანაა, პირველ რიგში, მათ ამომრჩევლებთან საუბარი. ის ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც მათ გამოიყენეს მაკო გომურიც, რომლითაც მათ უბრალოდ მოიტყუეს, რომ ეს ადამიანი არის აქ, ეს არის იმის განსახიერება, როგორ სიცრუეში აცხოვრებდნენ ისინი ჩვენს საზოგადოებას წლების განმავლობაში ", - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ფორმატში მაშინ ჩაიშალა, როდესაც კითხვებზე პასუხის გაცემა იწყებოდა. სალომე სამადაშვილმა დამსწრეებს სხდომის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ვინაიდან მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებსა და 20 ივნისს დაშავებულ მაკო გომურს პარლამენტში არ უშვებდნენ. მოწოდება ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ დააკმაყოფილა.