ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე, სადაც ახალგაზრდა ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები აღმოაჩინეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გაზით დაღუპული ქალი, მირანდა სხილაძეა.გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის გოგო მეუღლესთან გაშორებული იყო და მცირეწლოვან შვილებთან, ორი წლის დამიანესთან და ოთხი წლის ლილესთან ერთად მარტო ცხოვრობდა.
მეზობლები ვარაუდობენ, რომ უბედური შემთხვევა დღეს მოხდა, რადგან ახალგაზრდა ქალი გუშინ ნახეს. მათი თქმით, ზესტაფონში ის ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელი დიმიდან მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნაქირავებში სამი კვირის წინ გადავიდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ადგილზე პოლიცია და „სოკარ გაზის" წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით, ბინაში არსებული გამათბობლის შემოწმება ჯერ არ მომხდარა და ოფიციალურ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებენ.
პრაიმტაიმი