“თქვენ რომ ყოფილიყავით ცოტა გამბედაობის მქონე ადამიანი, ამ ქვეყანაში არც სანდრო გირგვლიანს მოკლავდნენ, არც ვაზაგაშვილს ჩაცხრილავდნენ, არც იმ 150 ადამიანს ჩაცხრილავდნენ, არც ადამიანებს გააუბედურებდნენ და აწამებდნენ ციხეში. “,-ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას.“იცით, რატომ არ მინდა გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე? – თქვენ არ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის წარსული, როგორც მოსამართლე და არა როგორც პიროვნება.
როგორც მოსამართლე, თქვენ ჩემი ქვეყნისთვის იქნებით პრობლემა, ვიდრე სიკეთე. როდესაც გქონდათ შანსი ყოფილიყავით გამბედავი, თქვენ ეს გამბედაობა არ გამოიყენეთ, თქვენ როდესაც გქონდათ შანსი ადამიანებს დახმარებოდით – არ დაეხმარეთ. როდესაც გქონდათ შანსი ადამიანები დაგეცვათ, როდესაც მოდიოდნენ თქვენთან დასისხლიანებულები, ნაცემები, გლდანის ციხიდან – თქვენ ამ ადამიანების მიმართ არ ავლენდით ემპათიას.
თქვენს გამო ათასობით საჩივარი შედიოდა სტრასბურგის სასამართლოში. თქვენ იყავით იმ სისტემის ნაწილი. სააკაშვილი იმიტომ იყო სააკაშვილი, რომ თქვენ არსებობდით.
თქვენ რომ ყოფილიყავით გამბედავი ადამიანი, სააკაშვილი და ადეიშვილი არ იქნებოდნენ იმ ფორმით, რა ფორმითაც, ქართულმა საზოგადოებამ მერე ამ ადამიანებს ლაგამი ამოსდო და ისინი სწორად არიან მართლმსაჯულების მხრიდან დევნილები.
თქვენ რომ ყოფილიყავით ცოტა გამბედაობის მქონე ადამიანი, ამ ქვეყანაში არც სანდრო გირგვლიანს მოკლავდნენ, არც ვაზაგაშვილს ჩაცხრილავდნენ, არც იმ 150 ადამიანს ჩაცხრილავდნენ, არც ადამიანებს გააუბედურებდნენ და აწამებდნენ ციხეში.
ამ უპრინციპობის გამო დამიტოვეთ უფლება, რომ გითხრათ – თქვენ არ ხართ ჩვენი სასამართლოს მომავალი და თქვენ არ ხართ მაგალითი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, როგორც მოსამართლე“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
დეპუტატის ამ განცხადებაზე თამარ ალანიამ უპასუხა, რომ ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებები მცდარია და არანაირ სტატისტიკას ის არ ეყრდნობა.
„გამამართლებელ განაჩენებს სპეციალურად არ ვახსენებ, თუმცა ეს შესაძლებელია კვლევის საგანი გახდეს და ღია ვარ ამისთვის. უნდა გავიხსენოთ ის კრიმინალური სიტუაციაც, რაც არსებობდა, ადამიანებს ეს ავიწყდებათ ეტყობა.”,-განაცხადა ალაიანიამ.