ჩვენ აქამდე ვერ ვაკეთებდით პოლიტიკურ განცხადებებს, რადგან დარტყმის ქვეშ დავაყენებდით მთელ ჩვენს კოლექტივს, მაგრამ ახლა, საჯაროდ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენისადმი, - ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პოეტ დავით მაღრაძის განცხადებას.
ჯაფარიძის თქმით, დავით მაღრაძის შეფასება, რომ თუ ერთხელ არ გააკეთებ საჯარო განცხადებას, ე.ი. საერთოდ აკრძალული გაქვს შეაფასო ესა თუ ის მოვლენა, ყოვლად მიუღებელია.
„მე სრულიად არ ვეთანხმები ამ კომენტარს, იმიტომ, რომ არ მგონია ეს სწორი იყო. რას ნიშნავს, თუ ერთხელ არ გააკეთე საჯარო განცხადება, ესე იგი საერთოდ აკრძალული გაქვს შეაფასო ესა თუ ის მოვლენა?! ეს არის ყოვლად მიუღებელი შეფასება. არასწორია. ჩვენ ვერ ვაკეთებდით პოლიტიკურ განცხადებებს იმიტომ, რომ წარმოვადგენდით უზარმაზარ სტრუქტურას და უამრავ ადამიანზე იყო პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვაკეთებდით საჯარო განცხადებებს, რადგან ამით დარტყმის ქვეშ დავაყენებდით არა ჩვენს თავს, არამედ მთელ კოლექტივს. შესაბამისად, მაშინ ასეთ განცხადებებს ვერ ვაკეთებდით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი დამოკიდებულება არასდროს არ დამიმალავს იმ ფარგლებში, რომელშიც შემეძლო გამომეხატა და ასე იქნება მომავალშიც, მაგრამ მომავალში ჩვენ საჯაროდ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
პოეტმა დავით მაღრაძე 20 სექტემბერს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, მისთვის 20-21 ივნისის მოვლენები წყალგამყოფი იყო.
„იმდენი წყალგამყოფი იყო აქამდე გარეთ გამოსასვლელად, დღეს კი გამოვიდა მამუკა ხაზარაძე, მაგრამ ბევრჯერ ჰქონდა გარეთ გამოსვლის შესაძლებლობა. ბევრად მნიშვნელოვანი და ბევრად მეტი სიმძაფრის წყალგამყოფები არსებობდა - სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, აგვისტოს ომი, 7 ნოემბერი, 26 მაისი“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.