ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მდებარე სამონასტრო კომპლექსი, ტაძრის გალავნისა და სამრეკლოს ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგას.
ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების სახელობის სამონასტრო კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ გალავანი იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, ტაძრის წინამძღვარი მამა იაკობ სურმავა არ გამორიცხავს, რომ მრევლის უსაფრთხოებისთვის, უკიდურესი ზომის მიღება – ტაძრის დახურვა – გახდეს აუცილებელი.
„გალავნის უკიდურესად მორყევის პროცესების დაჩქარება, გასული წლის აგვისტოში ძლიერ წვიმებს უკავშირდება. გალავანი სავარაუდოდ თავიდანვე, სამშენებლო წესების უხეში დარღვევით აშენდა, რადგან ის არამყარ, ნაყარ მიწაზეა აშენებული. ძლიერი წვიმების შედეგად დაგროვილი წყალი სადრენაჟო სისტემის არარსებობის გამო მიწას ურეცხავს გალავნის საძირკველს. შედეგად, ტაძრის სამხრეთ გალავანი სამრეკლოს მოწყდა. იმ შემთხვევაში თუ ტაძრის გალავანი ჩამოინგრევა, შესაძლოა, მან როგორც სარკინიგზო მაგისტრალი, ასევე ცენტრალური გზაც გადაკეტოს. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფომირებულია ხობის მერია.“ - აცხადებს იაკობ სურმავა.
ხობის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტი საკუთარი სახსრებით უძლურია ამ პრობლების წინაშე და შემდგომი რეაგირებისთვის, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტოს მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ ჯერ კიდევ 2014 წელს ჩატარებული ვიზუალურ -საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, სპეციალისტებმა პოტენციური საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცეს. დოკუმენტის მიხედვით, უნდა გაკეთებულიყო ზედაპირული და გრუნტის წყლების დრენაჟი, მომხდარიყო ფერდობის გატყიანება. სპეციალისტების ვარაუდით, ყოველივე ეს საძირკველისა და გალავნის კედლების გამაგრებას შეუწყობდა ხელს.
სამონასტრო კომპლექსში, საღვთო წირვა-ლოცვა მაინც აღევლინება.