9 ოქტომბერს, ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის ლიკა სარჯველაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს ლიკა მანქანაში მამასთან და უმცროს ძმასთან ერთად იმყოფებოდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ორივე დაშავებული კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გარდაცვლილი გოგონა ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლაში სწავლობდა. ახლობლების თქმით, ლიკას ოჯახი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდანაა.