11 ოქტომბერს, ნინოწმინდის გამშვებ პუნქტზე, სამი სომეხი ჟურნალისტი, რომელიც სომხეთიდან საქართველოში მოდიოდა, 4 საათზე მეტ ხანს დააყოვნეს, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.
"ჟურნალისტები 4 საათის განმავლობაში ცდილობდნენ აეხსნათ, რომ ისინი ახალციხეში, ახალქალაქსა და თბილისში მიდიოდნენ, რათა შეხვედრები გაემართათ ქართველ კოლეგებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან", - იუწყება გამოცემა Epress.am და დასძენს, რომ საბაჟო ოფიცრებს მათთვის არანაირი ახსნა-განმარტება არ მიუციათ და უთხრეს, რომ "საჭირო აკრედიტაციისა" და "ინტერვიუს ნებართვის" გარეშე ქვეყანაში ვერ შევიდოდნენ.
გამოცემის ცნობით, იური მანველიანის, ტიგრან ხაჩატრიანისა და ტიგრან აკოპიანის ბარგის ჩხრეკის შედეგად, უარი უთხრეს ქვეყანაში კამერისა და მიკროფონების შეტანაზე, ხოლო როდესაც ჟურნალისტებმა დატოვეს ტექნიკა და ხელახლა სცადეს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა, კვლავ უარი მიიღეს.
ჟურნალისტებს საქართველოში "NewCaucasus"-ის წარმომადგენელი ნინო გოგოლაშვილი უნდა დახვედროდა. ის ამბობს, რომ შესაძლოა უარის მიზეზი ის თემა იყოს, რაზეც სომეხ კოლეგებთან ერთად უნდა ემუშავა.