ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იმყოფება ანაკლიის პორტთან მიმართებაში, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან.
„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს არის მომავლის საქართველოს უსაფრთხოების ქვაკუთხედი, არამარტო პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც. სწორედ ამიტომ ხვდება ამხელა წინააღმდეგობა ანაკლიის პორტს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
დღევანდელი შეხვედრა უმნიშვნელოვანესია, რომ გავარკვიოთ ვინ დგას ამ ხელის შეშლის მიღმა რეალურად. არის თუ არა ანაკლიის პორტის შეფერხებაში თავად კონსორციუმის დანაშაული ან შეცდომა. რა წვლილი მიუძღვის ამაში საქართველოს ხელისუფლებას. როგორია რუსეთის ზეწოლის მასშტაბები საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ხორციელდება. ამ ყველაფრის შემდეგ უნდა გაკეთდეს ობიექტური შეფასება, ვის რა წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს ანაკლიის პორტის სახით საქართველოს უსაფრთხოების ბერკეტებს ადგება უზარმაზარი დარტყმა. გასაგებია რუსული ინტერესი, მაგრამ მოდით პირდაპირ ვთქვათ, ვინ ახორციელებს რუსულ ინტერესს საქართველოში იმითი, რომ საქართველოს უსაფრთხოების ქვაკუთხედის განვითარებას, ანაკლიის პორტის პროექტის სახით აფერხებს.
ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლება ხაზარაძის და მისი გუნდის მიმართ იმგვარი სახის დევნას ახორციელებს, რომელიც პირდაპირ აისახება ანაკლიის კონსორციუმზე და ითარგმნება ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხებაში. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით კითხვები ნაკლებია. ვგულისხმობ იმას, უშლიან თუ არა ისინი ხელს. რა თქმა უნდა, უშლიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინტერესებს ანაკლიის კონსორციუმის წილიც. ვიდრე დაიწყებოდა ხელისუფლების მხრიდან, პირდაპირ ვთქვათ, ანაკლიის კონსორციუმის დევნა, რატომ ვერ მოახერხეს მათ ინვესტიციების მოზიდვა, იმ პირობებში, როცა ხელსაყრელი გარემო იყო ამისთვის”,-განაცხადა ლაგაზიძემ.