“როდესაც ხდება რაიმე ტიპის მოლაპარაკებები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ეს არ არის უკანონობა, მე როგორც მინისტრი, ხშირად ვხვდებოდი ხოლმე სასულიერო პირებს. გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი არ იყვნენ უახლოესი თანამოაზრეები და მოკავშირეები ერთმანეთისთვის და ამ ვითარებაში წარმოგიდგენიათ, რომ რაიმე საჩოთირო საკითხზე პარტნიორობდნენ?“, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“, მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას.
მარგველაშილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი ასეთ შეხვედრაზე გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან ერთად არ წავიდოდა.
„ასეთ შეხვედრაზე პოლიტიკოსი დადის მხოლოდ უახლოეს მოკავშირეებთან ერთად, კვირიკაშვილი არ წავიდოდა ისეთ შეხვედრაზე ამ პერსონებთან ერთად, რომელიც არ იქნებოდა სრულიად გამჭირვალე ჩარჩოებში. ვინც გიორგის იცნობს წარმოუდგენია, რომ მან რაიმე საკითხი შეიძლება წარმოშვას პატრიარქის ნების საწინააღმდეგოდ… გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის გადაყენების საკითხში კვირიკაშვილი მონაწილეობდა”,-ამბობს მარგველაშვილი.
შეგახსენებთ: მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება მან 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ამასთან, მეუფე იაკობი 28 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა.