ვეცნობით ეპარქიას და ვცდილობთ, არ დაზიანდეს სიტუაცია - ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა დამწუხრებულია და ნერვიულობს, „რადგან მოხდა ის, რაც მოხდა“.
მეუფე გრიგოლმა მეუფე პეტრეს ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მე წამოვედი ამ ეპარქიაში. სამი დღეა აქ ვარ. ვეცნობით ეპარქიას და ვცდილობთ, აქ არ დაზიანდეს სიტუაცია. იყო ასეთი ექიმი ჰიპოკრატე, რომელიც ცხოვრობდა ქრისტეშობამდე. მისი ტერმინი არის ასეთი, ასე ჟღერს - არ დაუმძიმო, არ გააფუჭო პაციენტის მდგომარეობა, მე ვფიქრობ, ასე ვიცხოვრო, ამ აფორიზმით, ასე ვაკეთებდი გარდაბნის ეპარქიაშიც.
ძალიან ბევრია გაკეთებული ამ ეპარქიაში, ბევრი კეთდება და გაკეთდება კიდევ. სპეციალურადაა ჩამოსული კომისია, ასევე მამა სერაფიმე და საპატრიარქოდან თავმჯდომარე ამ კომისიის. აქ გადაიბარეს ძალიან რთული სიტუაცია, მაგრამ ვცდილობთ მშვიდად, წყნარად გაგრძელდეს ეს ცხოვრება. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მოღვაწეობდა ამ ეპარქიაში, მადლობა მეუფე პეტრეს, რომელიც ასევე აქ მოღვაწეობდა. ბევრი არის გაკეთებული. წმინდა მამები ამბობენ, შეიძლება ავაშენოთ ბევრი ეკლესია-მონასტერი, მაგრამ უფალმა არ დაგვაჯილდოვოს, რადგან უფალი აჯილდოებს არა შრომას, არამედ იმას, თუ შრომიდან დაიბადა მოწყალება, სიმშვიდე და სიყვარული“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
გრიგოლმა ქადაგების დასასრულს იმედი გამოთქვა, რომ დღეს არსებულ სტრესულ მდგომარეობას სიმშვიდე და სიხარული შეცვლის.
„მე ვფიქრობ, რომ გავა დრო და ჩვენ არ გავიხსენებთ ამ მოვლენებს და ეს სტრესი, ნერვიულობა მწუხარება შეიცვლება სიმშვიდით, ნუგეშით და სიხარულით,
დიდი მადლობა თანადგომისთვის, კიდევ ერთხელ გვაპატიეთ, რადგან შეიძლება რაღაცაზე ვერ გიპასუხეთ ბოლომდე, მაგრამ დავლოცოთ ჩვენი ჟურნალისტები, რომლებსაც დღე და ღამე აიტერესებდათ ჩვენი საქმეები. შემდეგ გიპასუხებთ კითხვებზე, მათაც, ვისაც აინტერესებს ჩემი ბიოგრაფია“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ცნობისთვის, მეუფე გრიგოლმა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დღეს პირველი საკვირაო წირვა ჩაატარა, მას შემდეგ, რაც მან მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრე შეცვალა.