ზუგდიდში რამდენიმე ადგილას მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას პლაკატები თავდაყირა გააკრეს. სოციალურ ქსელში ჰეშთეგი #ამოაყირავემაჟორიტარი-ც გამოჩნდა. პლაკატების ამგვარად გაკვრა სავარაუდოდ პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე პროექტის ჩაგდებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაიცას "რადიო ათინათი" ავრცელებს.
თბილისში პარლამენტთან აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას, ცესკოს შემადგენლობის შეცვლასა და დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვენ. აქციაზე სიტყვით გამოდიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები.
პარალელურად საპროტესტო აქციას მართავს "პატრიოტთა ალიანსი", ისინი რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.
მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.
საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. განცხადება გაავრცელა მმართველი პარტიის ლიდერმაც. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
ვინ დაუჭირა მხარი და ვინ იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი, ამ ბმულზე ნახეთ.