საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით დაახლოებით 20 000 ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პროტესტი იმან გამოიწვია, რომ ქვეყნის პარლამენტმა საარჩევნო რეფორმა ვერ მიიღო.
„საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 12 ხმა დააკლდა, რადგან მმართველი „ქართული ოცნების“ რამდენიმე კანონმდებელი შიშობს, რომ პროპორციული სისტემის შემოღების შემდეგ თანამდებობებს დაკარგავდნენ“, - წერს Reuters-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროკავშირმა კენჭისყრის შედეგის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და კანონმდებლებს ცვლილებების მიღების გზის პოვნისკენ მოუწოდეს.
ოპოზიციის აქცია პარლამენტის წინ 15:00 საათზე დაიწყო, მოგვიანებით კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. დღესვე აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებშია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.
მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.