"საქართველო სეპარატისტების მიერ დაკავებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვს", - ამ სათაურით The New York Times-ი სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში წერია, რომ საქართველო მოითხოვს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებულმა ოსმა სეპარატისტებმა დააკავეს. სტატიაში ასევე წერია, რომ გაფრინდაშვილს ცხინვალის რეჟიმმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "გაფრინდაშვილის დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საგანგაშო ვითარებას უსვამს ხაზს", - ციტირებს New York Times-ი.
დღეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პატრიარქმა ილია მეორემ წერილით მიმართა რუსეთის პატრიარქს.
სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი უახლოეს დღეებში გაათავისუფლებს.
16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
ექიმის დაკავების საკითხს განცხადებები მოჰყვა საგარეო საქმეთა დაჯანდაცვის სამინისტროებში. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა.
ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.
15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან. დაკავებულის კოლეგების ინფორმაციით, ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს.