აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსიას მოდერატორობას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი, დეიმონ ვილსონი უწევდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის მინისტრმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებსა და თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლის დასაწყისში საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და საერთაშორისო საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა.
„9 ნოემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ქართველი ფიზიკოსი და საქართველოს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, უკანონოდ დააკავეს მაშინ, როდესაც გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაციენტთან ჰქონდა ვიზიტი. ის დააკავეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ცხინვალის რეჟიმის ორგანოებმა და მის მიმართ აღძრულია საქმე „ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“. ჩვენ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქის, ექიმ გაფრინდაშვილის დროული, უსაფრთხო და მშვიდობიანი დაბრუნება. გუშინვე გაეროს უშიშროების საბჭოზე ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი. პლენარულ სესიაზე ღია დისკუსიის დროს ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ექიმი გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.“
მანამდე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ განცხადება გააკეთა. „ვაჟა გაფრინდაშვილს განვიხილავთ, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი რთული სიტუაციის მსხვერპლს"- აღნიშნა ელჩმა.
პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას თქმით კი, ექიმის გასათავისუფლებლად მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს.
20 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის ციხეში ექიმს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა.
15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ.
19 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა.
მოგვიანებით, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.